სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ უკრაინაში"პროვოკაციების მოწყობის საქმეზე" გამოძიება დაიწყო. უწყებაში ფორმულას უთხრეს, რომ მათ გამოძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს.
"გამოძიება 325-ე მუხლის 1-ლი ნაწილითაა დაწყებული, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს.
გარდა ამისა, უწყების მიერ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა უკრაინელ კოლეგებს", - აცხადებენ სუს-ში.
მანამდე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იმიტომ არ არიან, რომ "გარკვეულ პროვოკაციებს" გეგმავენ.
ვოლსკი ირწმუნება, რომ ეს ინფორმაცია ქართულ სპეცსამსახურებს "სარწმუნო წყარომ" მიაწოდა.
"აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღო ინფორმაცია ჩვენმა სპეციალურმა სამსახურებმა და უკვე გაუზიარეს უკრაინის სპეცსამსახურებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ამასთან დაკავშირებით მიიღებენ შესაბამის ზომებს და ვიზიტს ხელი არ შეეშლება. ჩემი აზრი ერთია, მაგრამ ამას ვუკავშირებთ ნაციონალური მოძრაობის უარის თქმას დელეგაციაში მონაწილეობაზე", - ამბობს ვოლსკი.
საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს მიემგზავრება.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომლის ხელმძღვანელობასაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაუწევს, ოპოზიციის წარმომადგენლებიც შევლენ. დელეგაციაში იქნებიან: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ლევან იოსელიანი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.
დელეგაციის შემადგენლობაში არ არის ნაციონალური მოძრაობა.